Translate

вторник, 17 сентября 2013 г.

ვზივარ და ვფიქრობ მაინც ვისი უფლება დაირღვა იმ ისტორიაში, რომელიც ეროვნული პრევენციის მექანიზმის მიერ სახელმწიფო ზრუნვის ერთ-ერთ დაწესებულებაში ჩტარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. ფიზიკური შეზღუდულობის მქონე ქალბატონი, რომელიც ეტლის არქონის გამო მუდმივად მწოლიარე მდგომარეობაში გახლდათ, დედათა წესის კრიტიკულ დღეებს პლასტმასის საყოფაცხოვრებო ტაშტზე დამჯდარი ატარებდა. თხოვნის მიუხედავად, მომსახურე პერსონალმა მას ჰიგიენური პაკეტი არ მიაწოდა და საკუთარი შრომის გამარტივება ამ გზით გადაწყვიტა... ალბათ დამეთანხმებით, ძნელია გაარკვიო აღნიშნული ფაქტით ადამიანის უფლებები დაირღვა, ქალის თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის. პირადად მე, ამ ყველაფერს, სისხლის სამართლის დანაშაულად მივიჩნევდი, იმ დანაშაულად,რომელიც ყოველგვარ კონვენციებსა და სამართლებრივ აქტებს გადასწონის. იქ სადაც შენი ელემენტარული ქალური ბუნება ღირსების შემლახავი მოქმედების საფუძველი ხდება, ძნელი ცხოვრებაში რაიმეს ხელმისაწვდომლობა ირწმუნო... შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებს უფლებასა და ღირსებას ის ადამიანები ულახავენ, რომლებთაც მათი სიყვარული და პატივისცემა გენეტიკურ კოდში უნდა ედოთ:ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში მცხოვრები ქალბატონი დედას და ძმას რამდენიმე წელი ჩაბნელებულ ოთახში ყავდათ გამოკეტილი. ოთახის ერთადერთი ფანჯარა ფიცრებით აეჭედათ და ზედ ჭუჭყიანი ნაჭერი ჩამოეფარებინათ. საკუთარი ახლობლებისგან მოწყობილ საკანში მხოლოდ რკინის საწოლი (თეთრეულის გარეშე), რკინის გრძელი სკამი და მოშიშვლებული ელექტროღუმელი იდგა.ახალგაზრდა ქალი დამოუკიდებლად ვერ გადადგილდებოდა, რის გამოც დროის უმტეს ნაწილს ბეტონის იატაკზე ატარებდა. ოთახში გამეფებული უსიამოვნო სუნისა და იქ არსებული ანტისანიტარიის შემხედვარე ვერც კი წარმოიდგენდით, რომ ამ პირობებში შესაძლებელი იყო ადამიანს ეცხოვრა. "მზრუნველი" მეურვეები ყოველგვარ სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობდნენ. მათ ამის უფლებას კანონი აძლევდათ. . .მხოლოდ სახალხო დამცველის აპარატის წევრების ჩარევის შედეგად გახდა შესაძლებელი ქალის შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანა და მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა. თუ ოჯახებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა პირად ცხოვრებაზე საუბარს ორივე მხარე შეუგნებლად თუ შეგნებულად არიდებს თავს,ჩვენს რეზიდენტულ დაწესებულებებში ამას ჰუმანური მოტივით კრძალავენ: "თქვენ ყველანი და-ძმანი ხართ, თქვენს შორის სიყვარული არ შეიძლება" მიუხედავად იმისა, რომ 2010 წლის ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ საანგარიშო მოხსენებაში ცალკე თავი დაეთმო ბენეფიციართა პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცვა-პატივისცემას და შესაბამისი რეკომენდაციებიც გაიცა, ამ მხრივ მდგომარება კიდევ უფრო გაუარესდა. ამის საილუსტრაციოდ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამ ერთი შემთხვევის საფუძვველზეც შეიძლება სათანადო დასკვნის გაკეთება: მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსონატში მცხოვრები ქალბატონის შვილი დაბადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ წმინდა ბარბარეს სახელობის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. დედა შვილის მონახულებას თვეში ერთხელ როგორღაც ახერხებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ადმინისტრაციამ ბავშვი საცხოვრებლად ქუთაისში გადაყვანა დედა შვილის მონახულებას ვეღარ ახეხებს. მონიტორინგის დროს მან აღნიშნა, რომ უკვე ნახევარი წელია შვილი არ უნახავს. მარტყოფის პანსონატში ამ ბლოგის შექმნის დროსაც სიხარულის ნაცვლად შიშით ელიან ახალშობილის დაბადებას. ვკითხულობ საკუთარ დაწერილს და უნებურად ის ტკბილი, ცხოვრებისგან დაბრძენებული მოხუცი მახსენდება, რომელმაც ჩემს ახალგაზრდა კოლეგას ყოველგვარი სამართლებრივი აქტისა და კონვენციის ცოდნის გარეშე მარტივად აუხსნა პირადი ცხოვრების საყოველთაო უფლება. . . "- ბებო ქინძი გაქვს? -კი. უთხრა მოხუცმა და ყველაზე დიდი კონის ჩასადებად პოლიეთილენის პარკს დაუწყო ძებნა. -შენი გოგონა როგორ არის შვილო? -ჩემი??? -დაიბნა გოგონა. სახეზე წითელმა ფერმა გადაჰკრა. -ალბათ ვიღაცაში გეშლები ბები- გაბზარული ხმით აუხსნა მოხუცს. მოხუცს არც მისი სიწითლე და არც ხმაში გაჩენილი ბზარი გამპარვია. -შეიძლება შვილო, მაგრამ მას ხომ ყავს. . . ეს ყველაფერი ბუნების წესია ჩემო მშვენიერო და მისი შეცვლა ადამიანის არანაირ ფიზიკურ მდგომარეობას არ შეუძლია" ბუნება ძალდატანებას ნაკლებად იტანს. . .